სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ არჩევნების დღეს გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლების უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტები. ამ დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
ISFED-ის ცნობით, საარჩევნო პროცესს ორგანიზაციის დაახლოებით 1500 დამკვირვებელი აკვირდებოდა. ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და მოსყიდვამ არჩევნების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
"ხმების პარალელური დათვლის მითოლოგიით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. კენჭისყრის პროცესში შეინიშნებოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნებზე 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას; ასევე უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და უბნიდან გაძევების შემთხვევები, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.
ორგანიზაციამ დააფიქსირა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები საარჩევნო უბანთა 11%-ზე - გარე პერიმეტრზე; საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება, ასევე რაც ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია არის, რომ უბნების 13%-ს, გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც ძალიან აღემატება წინა არჩევნების დროს მსგავსი ფაქტების გამოვლენას", - თქვა ISFED-ის დირექტორმა, ნინო დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ISFED: დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა გავლენა მოეხდინა შედეგებზე
27 ოქტ 202412:19
3 წუთის საკითხავი