logo
ENG



ISFED: ვერ ვუკავშირდებით იზა ჩირგაძეს, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა

02 ნოე 202117:48
3 წუთის საკითხავი
 
ISFED: ვერ ვუკავშირდებით იზა ჩირგაძეს, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა

სამართლიანი არჩევნები მზადაა, ქუთაისის #90 საუბნო კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის უფლებებიდაიცვას. ორგანიზაცია ჩირგაძეს სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დღეს უნდა შეხვედროდა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ.

განცხადების მიხედვით, ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის #90 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, 1-ლ ნოემბერს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, როგორც რეგისტრატორმა, სხვა პირების პირადობის მოწმობით მისულ ამომრჩევლებს ბიულეტენი არ გადასცა. ჩირგაძის თქმით, არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობის ამ ფაქტის აღკვეთის შემდეგ, მას ქართული ოცნების წარმომადგენელი დაუკავშირდა და ამ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენების გადაცემა მოსთხოვა.

ISFED-ის განცხადებით, 1 ნოემბრის საღამოს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა, სამართლიან არჩევნებს იზა ჩირგაძისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა. ISFED დაუკავშირდა იზა ჩირგაძეს და დღეს, 2 ნოემბერს, 13:30 საათზე შეხვედრაზე შეუთანხმდა. დღეს კი ორგანიზაცია მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის, იმედა კლდიაშვილის თქმით, იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა და მას ოპოზიციის წევრებთან კონტაქტი აუკრძალეს. კლდიაშვილმა აღნიშნულ პირზე სუს-ის მხრიდან ზეწოლა გააპროტესტა და ავტომობილით ქუთაისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. ის დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით დააკავეს.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად“, - წერია ISFED-ის განცხადებაში.


close დახურვა