ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ სამგორის 97-ე უბნის მასალებში, ბათილ ბიულეტენებში შერეული ნამდვილი ბიულეტენები აღმოაჩინეს. ელენე ნიჟარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შედეგად, კანდიდატებს ათობით ხმა აქვთ დაკლებული.
"ასეთი ამბავი გვაქვს. სამართლიანი არჩვენების საჩივრის საფუძველზე სამგორის საარჩევნო ოლქმა გახსნა #97 უბნის მასალები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ:
- მაჟორიტარულ არჩევნებში - ფიქრია ჩიხრაძეს 0 ეწერა, როცა მიღებული აქვს 47 ხმა;
პროპორციულ არჩევნებში:
- მოქალაქეებს (ალეკო ელისაშვილის პარტია) ეწერა 4 ხმა, როცა მიღებული აქვს 26;
- გირჩს ეწერა - 2 ხმა და მიღებული აქვს 32;
- ლელოს უწერია 6 ხმა და მიღებული აქვს 26;
- სტრატეგია აღმაშენებელი ეწერა 9 ხმა და მიღებული აქვს 39.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ამ არჩევნებზე. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ყველა იმ უბნის მასალების გახსნა და გადათვლა, სადაც პრობლემები დაფიქსირდა", - წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს ოპოზიციაც, მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.