logo
ENG



ISFED: ცესკოში სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს

15 მაი 202112:33
3 წუთის საკითხავი
clock 1173
ISFED: ცესკოში სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს

სამართლიანი არჩევნები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ცვლილებებს ნაჩქარევს უწოდებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში დაბალია დასაბუთების ხარისხიც.

„ცესკოში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან - 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ISFED-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით დაიწყო მიმდინარე რეორგანიზაცია, თუმცა ცესკომ დასაბუთებული არგუმენტები ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა.

სამართლიანი არჩევნები იმთავითვე დაინტერესდა ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით. შესაბამისად, მიმართა ცესკოს და გამოითხოვა ინფორმაცია რეორგანიზაციის    საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით. ასევე, დაინტერესდა საკადრო ცვლილებების საკითხით. საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა", - აცხადებენ ISFED-ში.

​სამართლიანი არჩევნები გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებასაც, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასაც მოიცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, შესაძლოა, ცესკოში კიდევ ერთხელ დადგეს უფრო ფართო რეორგანიზაციის საჭიროება.

„საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა.  ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს  არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა ახალი ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ უნდა განხორციელდეს, ხოლო მიმდინარე ცვლილებები საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს, რადგან ის ლეგიტიმაციას მოკლებულია.


close დახურვა