logo
ENG



ISFED: წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო ანტიდასავლური, ევროსკეპტიკური გზავნილები

25 ოქტ 202414:32
3 წუთის საკითხავი
 

სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) წინასაარჩევნო გარემო დაამონიტორინგა და შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. ასევე, წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მასშტაბურად დაშინების მცდელობა, მუქარის შემცველი ზარები და ფიზიკური თავდასხმები მიმდინარეობდა.

ISFED-ის განცხადებით, არჩევნებს გადამწყვეტი როლი აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ევროკომისიის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს გაცემული 9 რეკომენდაციიდან, ერთ-ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს განსაზღვრავს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში მიმდინარეობდა.

"მოახლოებულ არჩევნებს გადამწყვეტად მიიჩნევენ ძირითად პოლიტიკური გაერთიანებებიც და ისინი ფაქტობრივად, ამ არჩევნებს რეფერენდუმად ასახავენ. მმართველი პარტია ქართული ოცნება არჩევნებს ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევნებს უწოდებს. ხოლო ძირითად ოპოზიციური პარტიები მას ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ მომავალსა და საერთაშორისო იზოლაციას, ან რუსეთის მოქცევის ქვეშ არჩევანს უტოლებენ.

საქართველო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შეხვდა, რომელსაც წინ ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტი უსწრებდა [...] ე.წ. რუსული კანონის მიღებას თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის დისკრედიტაციული კამპანია, ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების მცდელობა, მუქარის შემცველი ზარები და რიგ შემთხვევაში, ფიზიკური თავდასხმებიც".

ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო ანტიდასავლური, მათ შორის ევროსკეპტიკური გზავნილები და ამას ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაც დაემატა. მეტ-ნაკლებად, ყველა პარტიას შეეძლო, წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ქართული ოცნება მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო, მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა. ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურული პროექტისა და პროგრამის ინიცირებასა და მმართველი გუნდის სააგიტაციო ღონისძიებებში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების აქტიურ მონაწილეობას", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და მოქალაქეების პირადობის მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმაც დააზიანა.

"ეს ამომრჩეველზე ზეწოლას ნიშნავს, რაზეც შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, ამ დრომდე, რეაგირება არ ჰქონიათ. კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობა. აგრეთვე, პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებიც", - თქვა ნინო დოლიძემ. 

ასევე, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შედეგად ISFED-მა დაადგინა, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმაც დააზიანა საარჩევნო გარემო, როგორიცაა გენდერული კვოტირების გაუქმება. 

ამას გარდა, შეფასების თანახმად, მედიაგარემო წინასაარჩევნო პროცესებისას პოლარიზებული იყო, მათ შორის, სოციალური მედია.

"მედიაგარემოც პოლარიზებული იყო. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ ეჭვი და რისკი გააჩინა ამ მედიებთან მიმართებით, საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზაციის შესახებ. ტრადიციულ მედიასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალურ მედიაში არსებული გარემო. არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებულ დეზიონფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები, ევროსკეპტიკურ განცხადებებსა და ნარატივებს ავრცელებდნენ და წინასაარჩევნო პროცესში, ძირითადად, ხელისუფლების მხარდამჭერ კამპანიას აწარმოებდნენ. 

26 ოქტომბრის არჩევნებს ISFED-ის 1 500 წარმომადგენელი დააკვირდება.


close დახურვა