logo
ENG



ISW: ხარკივში მარცხის შემდეგ, კრემლი პუტინის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობს

14 სექ 202209:53
3 წუთის საკითხავი
 
ISW: ხარკივში მარცხის შემდეგ, კრემლი პუტინის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობს

კრემლმა ხარკივის ოლქში დამარცხება აღიარა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი საჯარო აღიარებაა.

ამის შესახებ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) რეგულარულ ანგარიშშია ნათქვამი.

ინსტიტუტის ცნობით, კრემლის პროპაგანდისტული მედიების გაშუქება მკვეთრად განსხვავდება მათი წინა რიტორისკისგან.

კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლს აქამდე არასდროს უღიარებია არც კიევთან და არც კუნძულ ზმეინთან დამარცხება. ისინი კიევიდან უკან დახევას იმით ხსნიდნენ, რომ პრიორიტეტი დონბასის "გათავისუფლება" იყო, ზმეინიდან გასვლა კი „კეთილი ნების ჟესტი". კრემლმა თავიდან იგივე მეთოდი სცადა ხარკივის შემთხვევაშიც და ჯარების გაყვანა "გადაჯგუფებით" ახსნა, თუმცა ეს ვერსია ინტერნეტში მწვავედ გააკრიტიკეს.

ISW წერს, რომ კრემლის მიერ მარცხის აღიარება ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომლის მიზანი წარუმატებლობით გამოწვეული კრიტიკის პუტინიდან თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ხელმძღვანელობაზე გადატანაა.

"ახლა კრემლის წყაროები მუშაობენ იმაზე, რომ პუტინი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ და ხარკივის დაკარგვაში მისი გარემოცვის არაინფორმირებული სამხედრო მრჩევლები დაადანაშაულონ", - აღნიშნულია ანგარიშში.

გუშინ, 13 სექტემბერს უკრაინის პრეტზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლა.

გუშინვე სპეციალური ოპერაციის ძალებმა აზოვ ხარკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.  

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.

 


close დახურვა