logo
ENG



ISW: კრემლი პუტინის დასაცავად ხიდზე მომხდარში, სავარაუდოდ, შოიგუს უწყებას დაადანაშაულებს

09 ოქტ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/09/581dcea1auzno40.jpg
UKRAINE SECURITY SERVICE

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ კრემლი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში ბრალს, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასდებს, რათა დაიცვას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვის მიმართ კრიტიკაც რუსეთში უკვე ისმის.

ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ კრემლი აპირებს, შოიგუს უწყება "განტევების ვაცად" აქციოს.

ინსტიტუტის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იმავდროულად, რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ Meduza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსულ სახელისუფლებო მედიას მისცა მითითებები, რომ აფეთქების შედეგად ხიდისთვის მიყენებული ზიანი ნაკლებად სერიოზულად წარმოაჩინონ. ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა, სწორედ კრემლმა უბრძანა თავდაცვის სამინისტროს, სიტუაციის შესახებ კომენტარი არ გააკეთოს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთში სამხედრო ბლოგერების მხრიდან პუტინისადმი კრიტიკა ისმის. ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ თუ პუტინი საპასუხო ნაბიჯებს არ გადადგამს ეს „აღქმული იქნება, როგორც თავად პრეზიდენტის სისუსტე“. სხვა სამხედრო ბლოგერმა კი თქვა, რომ კრემლი ფარისევლურად იქცევა, როცა რუსებს მოუწოდებთ პუტინის მხარდამჭერი აქციები გამართონ და თავად პუტინს კი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზეც არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს, როგორიც კრუიზერი მასკვას ჩაძირვა, აზოვსტალის ომის ტყვეების გაცვლა ან უკრაინელების მხრიდან ხარკივის ფრონტის გარღვევაა.

ISW-ის განცხადებით, რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ „თავდაცვის სამინისტროს დაპირებების მოსმენის ნაცვლად“ დარტყმები უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას უნდა მიაყენოს.

ინსტიტუტის თქმით, სხვებმა აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარის არგაკეთების გამო  რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გააკრიტიკეს, ვინაიდან თავად მედვედევმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ქერჩის ხიდზე თავდასხმა რუსეთისთვის „წითელი ხაზის გადაკვეთად“ აღიქმებოდა.

კრემლს ხიდზე თავდასხმაში უკრაინა არ დაუდანაშაულებია, ისევე როგორც ეს გემი მოსკვას შემთხვევაში ან ყირიმში საკის აეროდრომზე უკრაინის თავდასხმის დროს მოხდა. თავად უკრაინასაც არ აუღია პასუხისმგებლობა ხიდის აფეთქებაზე, თუმცა გამოცემა New York Times-მა უკრაინის ხელისუფლებაში ანონიმურ გენერალზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აფეთქებაში უკრაინის დაზვერვა მონაწილეობდა.

ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ეს აფეთქება ყირიმში აუცილებელ სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებს, სავარაუდოდ,დროებით შეუშლის ხელს, თუმცა მისი შედეგები რუსეთის ლოგისტიკაში გარკვეული პერიოდით არეულობას გამოიწვევს.

რუსეთის განცხადებით, სამანქანო ხიდი ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებს რკინიგზას კი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ზიანი არ მიადგა. ISW-ის თქმით, როგორც გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლეა.

ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთი, გარკვეული პერიოდით მაინც, სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად ხიდის სამანქანო გზას ვეღარ გამოიყენებს, თუმცა მცირე ზიანის გამო კვლავ შეძლებს ყირიმამდე შეიარაღებისა და სამხედრო პერსონალის რკინიგზით გადატანას.

„სამანქანო ხიდის დანგრეული ნაწილზე მის შეკეთებამდე შეზღუდული იქნება რუსეთისთვის სამხედრო გადაადგილებები, რუსულ ძალებს მოუწევთ გარკვეული პერიოდით გამოიყენონ საბორნე გზები. რუსული ძალები სავარაუდოდ კვლავ შეძლებენ მძიმე სამხედრო აღჭურვილობის რკინიგზით გადატანას. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ გააძლიერებს ყველა იმ ტრანსპორტის უსაფრთხოების შემოწმებას, რომელიც ხიდს გადაკვეთს, თუმცა ამით შეანელებს რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის, პერსონალის და მარაგების ყირიმში გადატანას“ - წერია ISW-ის განცხადებაში.

 

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ.

ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. ინფორმაციას პროპაგანდისტული რია ნოვოსტი ავრცელებს.

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა