logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის ოლქის ზემო ნაწილს დაიბრუნებენ

25 ოქტ 202211:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/25/gz888ktce04fwsm.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის რეგიონის ზემო ნაწილს დაიკავებენ.

"რუსების პოზიცია ხერსონის ოლქის ზემო ნაწილში არასტაბილურია და უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის რეგიონის ზემო ნაწილს დაიბრუნებენ," - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შემოჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან.

ბუდანოვის ინფორმაციით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, ილუზიას ქმნის, თითქოს რუსული ჯარები ხერსონის დატოვებას აპირებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამის თქმა შეუძლებელია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის რეგიონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.


close დახურვა