logo
ENG



IT-სისტემის გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, რკინიგზების მუშაობა შეაჩერა

19 ივლ 202413:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/19/zvlgdw6cssd4clw.jpg

კიბერსისტემის გლობალური შეფერხება ბევრ სფეროს შეეხო: ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, ზოგიერთი მაუწყებელი ეთერიდან გაითიშა, სისტემური პრობლემა საბანკო და ჯანდაცვის სფეროებსაც შეეხო.

კავშირის პრობლემის გამო American Airlines-მა, Delta Airlines-მა, United Airlines-მა და Allegiant Air-მა ფრენები შეაჩერეს. ბრიტანეთის რკინიგზის კომპანიები აცხადებენ, რომ IT სფეროში ფართოდ გავრცელებულ პრობლემებს აწყდებიან.

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების გამო კატოვიცეს მიმართულებით რეგისტრაცია შეჩერებული იყო. ქუთაისი-ბერლინის რეისი კი პოზნანში დაეშვა.

ტელეკომპანია Sky News იძულებული გახდა, რომ პირდაპირი ეთერში შეეწყვიტა. შეფერხებები დაფიქსირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზეც.

Microsoft-ში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. ახლა კომპანიის ინჟინრები შეერთებულ შტატებში ღრუბლოვან სერვისებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე Microsoft-ის რამდენიმე აპლიკაციისა და სერვისის მუშაობაში შეფერხებებს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტად ავსტრალია დაზარალდა. ქვეყანაში მასობრივად შეფერხებულია არა მხოლოდ აეროპორტების, არამედ მაღაზიებისა და ტელეკომუნიკაციების მუშაობა.

ბერლინის აეროპორტში, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ბევრ რეისზე რეგისტრაცია დიდი დაგვიანებით მიმდინატეობს. ესპანეთში კი IT-პრობლემა ათეულობით აეროპორტშია.

American Airlines-მა, რომელიც ყოველდღიურად 570 000-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, დაუდასტურა BBC-ს, რომ IT პრობლემები გამოწვეული იყო "Crowdstrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც გავლენას ახდენს რამდენიმე გადამზიდზე". ერთ-ერთი ვერსიით, სისტემის კოლაფსი, შესაძლოა, Crowdstrike-ის მიერ გამოშვებული ანტივირუსული პროგრამის ბრალი იყოს.

პრობლემები არის ნიდერლანდების, ინდოეთისა და იაპონიის აეროპორტებში. იაპონიაში, ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში დარღვეულია ავიაკომპანიების - JetStar, Jeju Air, Qantas, HK Express და Spring Japa - მუშაობა. დელის აეროპორტი კი მექანიკურ რეჟიმში მუშაობს.

ბრიტანეთში მასობრივადაა დარღვეული რკინიგზის კომპანიების მუშაობა, მათ შორის: Southern, Thameslink, Gatwick Express და Great Northern.

აეროპორტებისა და რკინიგზის გარდა, დარღვეულია სხვა საკვანძო სისტემების მუშაობა. მაგალითად, ამერიკის შტატ ალასკაში საგანგებოს დახმარების - 911-ის სატელეფონო ხაზი დარღვევით მუშაობს.

 


close დახურვა