ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერენ. მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.
ამ განცხადებას 21 კურსდამთავრებული აწერს ხელს.
LSE კურსთამთავრებულების განცხადებით, საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, მიუღებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, ასევე არ შეესამება ქართველი ხალხის ნებას.
"მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მისი ფანჯარა ღიაა, კატეგორიულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას. ევროპულ კავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის ვაჭრობის, ინვესტიციების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება მძიმე და გრძელვადიან უარყოფით ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.
ასევე, ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. ვუცხადებთ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას. ისინი იცავენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.
ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია", - ნათქვამია მათ განცხადებაში.