NATO აცხადებს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს აგზავნის მოკავშირე ქვეყნებისა და ალიანსის დასაცავად.
„რუსეთის ქმედებები ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ამას ექნება გეოსტრატეგიული შედეგები. NATO ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ ვაგზავნით დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებას.
დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი მოკავშირეების თავდაცვის დაგეგმარების ფარგლებში, რომ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები რომ გავაძლიეროთ შეკავება და თავდაცვა მთელს ალიანსში. ჩვენი ზომები კვლავ პრევენციული, პროპორციულია და არაა მიმართული ესკალაციისკენ“ - წერია ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში.
ალიანსი გმობს რუსეთის შემაძრწუნებელ თავდასხმას უკრაინაზე, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია.
ალიანსის თქმით, თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, მათ შორის გაეროს ქარტიის და მთლიანად ეწინააღმდეგება ჰელსინკის აქტს, პარიზი შეთანხმებასა და ბუდაპეშტის მემორანდუმს.
ალიანსი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან და ჰუმანიტარულ სამართალს უერთგულოს, და მოუწოდებს საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად მიწოდება უზრუნველყოს
NATO კონფლიქტის შესახებ პასუხისმგებლობას სრულად რუსეთს აკისრებს და ამბობს, რომ რუსეთი მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. NATO აგრძელებს ევროკავშირთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციას.