logo
ENG



NATO: მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს

11 მარ 202317:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/oy8gi02pj4wjr4f.jpg

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ NATO მიესალმება უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევას, რადგან ეს კანონი, მათი აზრით "უკან გადადგმული ნაბიჯი იყო".

ვინიკოვი აცხადებს, რომ NATO-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას მნიშვნელოვანია, სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები ჰქონდეს "მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად".

NATO საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს ევროინტეგრაციისთვის დაუბრუნდნენ "ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს".

"NATO-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.

საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას.

NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდო

ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.

 

close დახურვა