logo
ENG



NATO აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს

26 ივლ 202323:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/26/a2oreex0zb1j28r.jpg

NATO აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.

NATO-უკრაინის საბჭო დღეს, 26 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით შეიკრიბა და რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილა.

მოკავშირეებმა დაგმეს რუსეთის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტა და ასევე ოდესის, მიკოლაივის და სხვა საპორტო ქალაქების დაბომბვა, მათ შორის დანუბეს საპორტო ქალაქში მარცვლეულის საწყობზე თავდასხმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონს ახალი საფრთხეებს უქმნის და ალიანსი მზადაა გაზარდონ უკრაინისადმი მხარდაჭერა და „გააძლიერონ სიფხიზლე“.

"რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა შავი ზღვის რეგიონში მის საშიშ და ესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება და საკვების არასტაბილურობით მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დაშინება. რუსეთის ქმედებები მნიშვნელოვან რისკების წინაშე აყენებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას, რომელიც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მოკავშირეები ზრდიან უკრაინის მხარდაჭერას და ვაძლიერებთ სიფხიზლეს. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული ინჩი ნებისმიერი აგრესიისგან" - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

NATO და მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.

ეს NATO-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრაა ვილნიუსის სამიტზე პირველი შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ალიანსის ქვეყნების ელჩები, უკრაინის მხრიდან კი ვიცეპრემიერი ოლექსანდრ კუბრაკოვი, და ინფრასტრუქტურის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.

19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილება.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ადამ ჰოჯის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა.


close დახურვა