logo
ENG



NDI-ის სადამკვირვებლო მისია ოცნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წევრებს შეხვდა

20 თებ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დღეს ქართული ოცნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შავი ფულის არსებობა არჩევნებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მიტაცებული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობა იყო.

"არ შეიძლება 800 000 ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად გააგდო ქვეყნიდან ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ აქვთ, არ შეიძლება ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. ერთადერთ რამეს აკეთებენ, რომ უნდათ, ისევ აგრესიული რიტორიკისკენ გადაგვიყვანონ. ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ არ ვაპირებთ აგრესიაში, დაპირისპირებასა და ლანძღვაში ავყვეთ ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დაისვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც.

"სააკაშვილის საკითხი დაისვა ამ შეხვედრაზეც და ისმება ყველა შეხვედრაზე, როდესაც საქმე ეხება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური რეპრესია და ძალადობა, არიან პოლიტიკური პატიმრები, საუბარი რაიმე დემოკრატიულ სტანდარტზე ვერ იქნება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

NDI-ის მისიამ პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი მიმართულება სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა.

"ერთ-ერთი მიმართულება და შეკითხვა იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით არსებული გარემო, ხომ არ ხდება სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია და შეზღუდვა, იმიტომ რომ იცით, არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მათ შორის, არის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არჩევნების დაკვირვება და აქ არ უნდა მოხდეს ხელის შეშლა", - თქვა ნინო დოლიძემ.

შეხვედრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, ოცნების შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე, პარტიის წინასაარჩევნო გეგმები განიხილეს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გუშინ დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.

"დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

NDI-ის ცნობით, შეხვედრებს უძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.


close დახურვა