logo
ENG



NDI: დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რითაც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება იზღუდება

09 სექ 202114:48
3 წუთის საკითხავი
 
NDI: დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რითაც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება იზღუდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდი წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევებზე, მათ შორის დებატების ნაკლებობაზე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.

დელეგაციამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან შეხვედრები გამართა.

განცხადებაში წერია, რომ დღეისათვის ყველა პარტია არ აკეთებს საკმარისს მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ საჭიროებებზე სასაუბროდ.

"ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რაც მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.

შეხვედრების მონაწილეებმა საარჩევნო რეგულაციების არასრული ან შერჩევითი აღსრულების, სახელმწიფო რესურსებისა და პროკურატურის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებაც გამოთქვეს შეშფოთება", - წერენ ექსპერტები. 

დელეგაცია აღნიშნავს იმასაც, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მოქმედებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობების შეზღუდვისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისა და დაშინების გამო:

"ამ ფუნდამენტური თავისუფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არჩევნებისადმი ნდობას".

NDI მხარეებს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • "ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე, დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამ უფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს. 
  • ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეების პასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს. 
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას. 
  • ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ.
  • არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება".

close დახურვა