logo
ENG



NDI: 51% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

12 აგვ 202113:01
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 30%-მა კონკრეტული პარტია დაასახელა, 51%-მა თქვა, რომ არც ერთი პარტია, ხოლო 19%-მა პროცენტმა არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

მათგან, ვინც კონკრეტული პარტია დაასახელა, 18% მხარს ქართულ ოცნებას უჭერს, 6% - ნაციონალურ მოძრაობას, 6% - სხვა პარტიებს.

კვლევის თანახმად, 61% თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, 18% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 6% - ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას, 10% - ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას, 5% კი ამბობს, რომ არ იცის.

ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 24% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 7% ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა, 7% სხვა პარტიებს ასახელებს, 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, ხოლო 9-9% ამბობს, რომ არ იცის და უარს ამბობს პასუხზე.

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


close დახურვა