logo
ENG



NDI: 64%-მა არ იცის ან არ ასახელებს კონკრეტულ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემს

14 სექ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 
NDI: 64%-მა არ იცის ან არ ასახელებს კონკრეტულ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს.

გამოკითხულებს დაუსვეს ღია კითხვა: რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? პარტია მათ თავად უნდა დაესახელებინათ.

გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა მიუთითა კონკრეტული პარტია.

64%-მა ჯერაც არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

9% ამბობს, რომ ხმას არც ერთს არ მისცემს.

NDI მიუთითებს, რომ ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ყველა რესპონდენტიდან, ქართულ ოცნებას ხმას 17% აძლევს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 5%.

იმათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა (73%), ქართულ ოცნებას ხმას 21% მისცემდა, ენმ-ს - 4%; არ ვიცი+უარი პასუხზე - 63%;

იმათ შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს და ამასთან, გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს (მათი წილია 32%), ხმები ასე ნაწილდება:

ქართული ოცნება - 41%;

ენმ - 9%;

არ ვიცი+უარი პასუხზე - 41%;

NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.


close დახურვა