logo
ENG



NDI: მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის, ინსტიტუტების და ლიდერების საქმიანობით უკმაყოფილოა

27 იან 202212:47
3 წუთის საკითხავი
 
NDI: მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის, ინსტიტუტების და ლიდერების საქმიანობით უკმაყოფილოა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის საქმიანობით, ასევე ინსტიტუტებით, პარლამენტით, ცესკოთი და ლიდერებით, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილით და სალომე ზურაბიშვილით უკმაყოფილოა.

NDI–ის კვლევის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში, მოსახლეობის უმეტესობა – 52% საქართველოს მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ცუდად აფასებს ინსტიტუტების და ლიდერების საქმიანობას:

  • პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთა უმეტესობა – 35%.
  • პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, ცუდად აფასებს გამოკითხულთა უმრავლესობა – 46%.
  • საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთა უმეტესობა – 46%.
  • ცესკოს საქმიანობას, უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა უმეტესობა – 35%.

ასევე, კვლევის თანახმად, ბოლო 6 წელში, პრემიერ–მინისტრის და პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნეგატიური შეფასება გასამმაგდა. პარლამენტის საქმიანობის დადებითი შეფასება კი NDI–ის თანახმად, კვლავ დაბალია და მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა