logo
ENG



NGO-ები: სუს-ის გამოძიება კრიტიკული მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ნიშნებს შეიცავს

03 ივლ 202012:29
3 წუთის საკითხავი
clock 726
8thq187x4h42n0e.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით წარმოებულ გამოძიებას განცხადებით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ გამოძიების ფარგლებში „მთავარი არხის“ სიუჟეტზე აქცენტირება, შემაშფოთებელია.

„ეს აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს. აღნიშული შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე. საბოტაჟი კი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენის საკითხიც აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის მიყენებული ხელშესახები ზიანი - მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

„იმ შემთხვევაშიც კი თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება, არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას, საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით აწარმოებს გამოძიებას. კერძოდ, საქმე ეხება "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც რესპონდენტები კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება, სასამართლოს განჩინებით, "მთავარი არხისგან" სადავო სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალის მიწოდებას ითხოვს.

 


close დახურვა