საქართველოში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ევროკავშირის €75-მილიონიანი დახმარებაზე.
"ეს არის ერთმნიშვნელოვანი უარი სასამართლო სექტორში გასატარებელ რეფორმებზე და არის საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.
ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის სასამართლო რეფორმის გატარებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას".- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- ლიბერალური აკადემია
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.
ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.
ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".
23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.
"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა.
ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის €75-მილიონიანი დახმარების შეჩერების მიზეზი შესაძლოა ელიტური კორუფცია გახდეს.
მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის დახმარება არა დახმარება, არამედ სესხია, ევროკომისიამ რეზოლუციის სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა, რომელშიც სწორედ ელიტური კორუფციის შესახებ არის ჩანაწერი, რაც, თავის მხრივ, სასამართლო სისტემის ნაწილს ეხება.
ამის შესახებ ქართულმა ოცნებამაც იცის.
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა რეზოლუციაში ჩანაწერის შესაცვლელად ლობისტებიც დაიქირავა, თუმცა, მათ შედეგს ვერ მიაღწიეს.
სწორედ ამიტომ, უკვე 2 დღეა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტრანში არა დახმარება, არამედ სესხია.
რეალურად, ევროკავშირმა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის პარტნიორი ქვეყნებისთვის აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევრო გამოყო, მათგან 150 მილიონი ევრო საქართველოს ერგო. თანხის პირველი ნაწილი - 75 მილიონი ევრო 2020 წლის ნოემბერში გადმოირიცხა, მეორე ნაწილი კი 2021 წლის დეკემბერში უნდა მიგვეღო.
***
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, აშშ-ის ელჩთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორი იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.
შეთანხმებული დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
ქართულმა ოცნებამ ასევე არ შეასრულა შეთანხმება, რომ შეჩერდებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე სასამართლოში უვადოდ "ანულირებამდე" აირჩია.
მმართველი გუნდი კი კვლავ იმეორებს, რომ მათ რეფორმებზე უარი არ უთქვამთ, ხოლო შეთანხმებიდან გასვლა "ერთადერთი გამოსავალი იყო".