logo
ENG



NGO-ები: თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ დატოვოს თანამდებობა

15 ივნ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 
0b6kqkh4st330ib.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულზე მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, განცხადებას ხელს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნებამ, საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა დოლიძის პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

„თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო სექტორი „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან აქტიურად უჭერდნენ მხარს უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს.

““ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და „პოლიტიკური საქმიანობა“. ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება”,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ანა დოლიძემ მოძრაობა „ხალხისთვის“ 2020 წლის 21 მაისს დააარსა.


close დახურვა