16 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები "კრიტიკულ ზღვარს" მიუახლოვდა. მათი შეფასებით, ხელისუფლება ვერ იცავს ჟურნალისტებს, ხოლო ბოლო წლების თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:
- "2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს;
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას".
ასევე, მიმართავენ პარლამენტს:
- "უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
- მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
- მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას".
არასამთავრობოების განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ, რომ სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. ამ ფონზე, შსს-მ ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა.
"ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის" ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.
მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. მდუმარე აქციის გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ.
ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, მათ მიერ გადაღებული კადრების საშუალებით", - წერია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
- ლიბერალური აკადემია თბილისი
- მედიაკლუბი
- მედიის განვითარების ფონდი
- მედიის უფლებები
- სატელევიზიო ქსელი
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- Სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- უფლებები საქართველო
- ღია საზოგადოების ფონდი OSGF