logo
ENG



NGO-ები: რაზმაძის საქმეზე ომბუდსმენის გადაწყვეტილება მიკერძოებულია შსს-ს სასარგებლოდ

01 ნოე 202318:40
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები: რაზმაძის საქმეზე ომბუდსმენის გადაწყვეტილება მიკერძოებულია შსს-ს სასარგებლოდ

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის მიერ იმ საქმის წარმოების შეწყვეტას ეხმაურებიან, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გოგა რაზმაძე მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე მკვიდრდება არასწორი პრაქტიკა, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას.

NGO-ებს მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიზი მოჰყავთ, რომლიდანაც იკვეთება, რომ:

  • არ გამოკითხა გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული და მოწმედ მითითებული არც ერთი პირი;
  • მხედველობაში არ მიიღო გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტაცია, რომელიც სამინისტროს არაერთ განმარტებას აბათილებდა;
  • განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუსვა სამინისტროს;
  • იხელმძღვანელა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციით დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გარეშე;
  • არ გაითვალისწინა გენერალურ ინსპექციაში განხორციელებულ იძულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები;
  • და საბოლოოდ - ერთი კვირის ვადაში, სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის დამატებით არგუმენტაციაზე სამინისტროს ომბუდსმენისთვის პასუხი არც კი წარმოუდგენია. უცნობია, საერთოდ გადაეგზავნა თუ არა განმცხადებლის ბოლო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება არ ეფუძნება გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას, დაუსაბუთებელი და მიკერძოებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ.

"მოწმეების გამოკითხვის, სამინისტროსთვის კითხვების დასმისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე, ომბუდსმენმა ფაქტობრივად განმცხადებელი დაავალდებულა, რომ თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. საქმის მსგავსი გადაწყვეტა მტკიცების ტვირთის შებრუნებაა, რაც სრულად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საქმეებზე ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობითა და პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს.

როცა მოქალაქე სამინისტროს სისტემას უპირისპირდება, ასიმეტრიულ დაქვემდებარებაშია და მრავალი მტკიცებულების დამოუკიდებლად მოპოვება არ ძალუძს, კანონი სწორედ ომბუდსმენს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია. სამწუხაროდ, გოგა რაზმაძის საქმეში ომბუდსმენმა ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვა და საქმე კანონით დადგენილი ნორმების სრული უგულებელყოფით განიხილა. მსგავსი მიდგომა აზიანებს მამხილებლების უფლებრივ გარანტიებსაც, რაც ასუსტებს საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობებს", - აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახალხო დამცველს, იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი გადაანაწილოს იმგვარად, რომ დასაქმებული არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დამსაქმებელთან შედარებით და გულისხმიერებითა და გულმოდგინებით მოეკიდოს თითოეული დასაქმებულის საქმეს.

ხელმომწერები:

  • Human Rights Center
  • თანასწორობის მოძრაობა
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • საფარი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

***

12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.


close დახურვა