ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება.
როგორც NGO-ები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა, ხოლო ხელისუფლება უგულებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას. გარდა ამისა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
"აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. აქედან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის დანაშაულობა-უდანაშაულობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
"იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქვეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- საქართველოს სასამართლო გუშაგი