არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.
"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch)
- პრევენცია პროგრესისთვის
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- პარტნიორობა ადამინის ულფებებისთვის (PHR)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC)
- კავშირი საფარი
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
გუშინ, 27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".
ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.