logo
ENG



NGO-ები არჩევნებზე: მთავრობამ კოვიდკრიზისის დასაძლევად ღია გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს

20 ოქტ 202018:17
3 წუთის საკითხავი
clock 943
wf97nox8m75wkh4.jpg

12 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ქვეყანაში, დაახლოებით ორ კვირაში, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ხოლო მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ამომრჩეველზეც, რომელიც, თავის მხრივ, თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა და ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება.

"წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს თავს ვერ ავარიდებთ ხალხმრავალ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოცხადდა რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არც პირბადის ტარების და არც დისტანციის დაცვის წესებს  არ იცავს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა ზოგმა მათგანმა ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვნად შეცვალა და ზოგ შემთხვევაში, შეზღუდა წინასაარჩევნო აქტივობები", - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში. 

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ  მნიშვნელოვანი გამოწვევები ექმნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან, სათანადო რაოდენობის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მობილიზების კუთხით.

"მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაც, რომლის ათეულ ათასობით თანამშრომელს თითქმის 24-საათიან რეჟიმში რეგულაციების დაცვით მოუწევს არჩევნების დღეს კომისიებში ყოფნა ან გადასატანი ყუთით, მათ შორის კარანტინში მყოფ ამომრჩეველთან კომუნიკაცია, რაც აჩენს კითხვებს როგორც მათი ჯანმრთელობისთვის რისკების შექმნის, ისე მუშაობის პროდუქტიულობის შესახებ. არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საკარანტინე ზონაში და თვითიზოლაციაში დარჩენილ ათასობით  მოქალაქის ხმის მიცემის პროცესის დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ძალიან რთული იქნება", - აცხადებენ მესამე სექტორში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს კოვიდკრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. 

"აუცილებელია, გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული  ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი; შემუშავდეს კოვიდ ინფექციის მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით; მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კოვიდ ინფიცირებულთა ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდემიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა და  შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო  (TIG)
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  (GDI)
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  4. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  5. საფარი
  6. საზოგადოება და ბანკები
  7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი  (HRIDC)
  9. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  12. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 19 857 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან, 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 158 გარდაიცვალა.

 


close დახურვა