logo
ENG



NGO-ები ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს სააკაშვილისადმი მოპყრობის შეფასებას სთხოვენ

12 ნოე 202118:03
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ვიზიტისა და პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის თხოვნით მიმართეს. განცხადებას 20 ორგანიზაცია აწერს ხელს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ პერიოდში უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ხვდებიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს და მოშიმშილე პატიმრისა და პაციენტის უფლებების უხეში დარღვევას პატიმრის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებენ.

განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების, მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შეფასება ქრონოლოგიურადაა ასახული. ორგანიზაციები ევრო საბჭოსადმი მიმართვაში წერენ, რომ მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და ამ დღიდან მოყოლებული ის შიმშილობს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოწვეულმა ექიმთა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკების გათვალისწინებით სააკაშვილის მრავალპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა გამორიცხულია და მას ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ პატიმრის სხვა, მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის კომპეტენციის სფეროს“, - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. 3 ნოემბერს მან განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება კონსილიუმის რეკომენდაციებს.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრების მხრიდან მესამე პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებზე.

„გარდა სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეუწონლობისა, ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება მესამე პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისითაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს - N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელში განთავსებული პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარია, ხოლო მ. სააკაშვილის მმართველობა ასოცირდება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლასთან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ზრდის მასზე ფიზიკური ზემოქმედების რისკს სხვა პატიმრების მხრიდან“, - წერია ორგანიზაციების მიმართვაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებითა და მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე გადაიყვანეს N18 დაწესებულების სამკურნალო კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ამ დაწესებულებაში მკურნალობაზე კატეგორიული უარი მესამე პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა.

სააკაშვილი გლდანის ციხეში სახალხო დამცველმა მოინახულა და განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის გაცემულ რეკომენდაციებს, დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა პატიმრების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პერმანენტული ხასიათის სიტყვიერი შეურაცხყოფაზე, რაც სააკაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ემსახურება. მნიშვნელოვანია რომ შეურაცხყოფის შემცველი სიტყვები, არა მხოლოდ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის, არამედ მის მოსანახულებლად შესული პირებისკენაცაა მიმართული.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა, რაც  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, დაიწყო გამოძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყებებს სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეომასალის გასაჯაროების შეწყვეტისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველმა კი განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გლდანის ციხეში შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

2021 წლის 10 ნოემბერს ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი ემპათიას ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მის მიმართ არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას კი ის მოჰყვა, რომ პაციენტმა უარი თქვა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს სააკაშვილის სიცოცხლეს. უწყებებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს ცენტრი ემპათიაც და სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარს, მის დისკრიმინაციასა და მისი შიმშილობის შესახებ საზოგადოების დეზინფორმირებას, ასევე მისი უფლებათა დარღვევისა ფაქტებს ერთობლიობაში პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამებად აფასებს.

20 ხელმომწერი ორგანიზაცია აცხადებს, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნაწილია მაღალი თანამდებობის პირების და საჯარო უწყებების განცხადებები, რაც პირდაპირ იყო მიმართული მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის დამძიმებისკენ. ამის მაგალითებია პრემიერი ღარიბაშვილის განცხადება თვითმკვლელობის უფლების შესახებ, ასევე ირაკლი კობახიძის განცხადება სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით, რაზე საპასუხოდაც მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული, სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების მიღებაზეც.

მიმართვაში ასევე საუბარია 6 ნოემბერს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილი სპეციალურ საკვებ დანამატებს იღებს. ეს კადრები უწყებამ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის მტკიცებულებად წარმოადგინა.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მიმართ მოპყრობის ფაქტებზე და უჩნდებათ კითხვები სხვა პატიმრებისადმი მოპყრობისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხითაც. ისინი მიმართავენ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობისა და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.

„ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - წერია ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს 20 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

  1. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD
  2. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI
  3. ცენტრი “ემპათია”
  4. “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” RIVG
  5. საზოგადოება და ბანკები
  6. ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI
  7. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი
  8. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI
  9. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
  10. “უფლებები საქართველო” Rights Georgia
  11. საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS
  12. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC
  13. მედიის განვითარების ფონდი  MDF
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED 
  15. ღია საზოგადოების ფონდი OSGF
  16. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC
  17. ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC
  18. საფარი
  19. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  20. ჭავჭავაძის ცენტრი

 


close დახურვა