logo
ENG



NGO-ები მთავრობას: მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ოკუპირებულ ცხინვალთან მოლაპარაკებები დაიწყეთ

19 ოქტ 202011:20
3 წუთის საკითხავი
clock 757
hhwano4e3615r4u.jpg

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს მოლაპარაკებები ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან, ასევე გამოიყენოს საერთაშორისო პოლიტიკური მექანიზმები გადაადგილების თავისუფლების დროულად აღსადგენად და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოებს მედიკამენტებისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი აქვთ.

"როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ და ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები აღარ არის. მხოლოდ ერთ დღეში ცხინვალში ინფიცირების 57 შემთხვევა დადასტურდა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვთა საავადმყოფო კოვიდჰოსპიტლად გადააკეთოს. ოკუპირებულ რეგიონში სამედიცინო პერსონალიც არ არის საკმარისი გახშირებული შემთხვევების სამართავად და ექიმების ინფიცირების შემთხვევაში, მდგომარეობა კრიტიკული იქნება", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. 

NGO-ები აღნიშნავენ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვების მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ პაციენტების თბილისში გადაყვანას, რაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე 60 ადამიანის გადაყვანა უკვე მოახერხეს.

"ამის მიუხედავად, ახალგორიდან პაციენტების თბილისში გადაყვანა კვლავ პრობლემურია. ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება შერჩევითად და კორუფციული გზებით იღებს გადაწყვეტილებას გადაადგილების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. გადაადგილების თავისუფლების უკანონო და დისკრიმინაციულ შეზღუდვებს ახალგორში ოცამდე ადამიანი ემსხვერპლა უკვე. ახალგორში ადამიანები წელიწადზე მეტია იზოლაციის და სოციალური კრიზისის პირობებში ცხოვრობენ. გადაადგილების თავისუფლების აღდგენას დაბაში როგორც ქართველები, ისე ოსები ითხოვენ. ვირუსის გავრცელების მხრივ, სიტუაციის დამძიმების პირობებში ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე დროული ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება", - აცხადებენ არასამთავრობოები. 

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ აწარმოოს ინტენსიური მოლაპარაკებები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის გამარტივების მიზნით. გარდა ამისა, გამოყოს საჭირო სამედიცინო რესურსები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოყვანილი პაციენტების, მათ შორის კოვიდ-ინფიცირებულის, მკურნალობის მიზნით და შექმნას კომუნიკაციის ხაზები ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო პერსონალთან ინფექციის მართვის და მკურნალობის გამოცდილების გაზიარების მიზნით. 

გარდა ამისა, NGO-ები მოუწოდებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას, ინტენსიურად აწარმოონ პირდაპირი მოლაპარაკებები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გადაადგილების თავისუფლების აღსადგენად და გამოყონ შესაბამისი რესურსები პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მიზნით;

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);


close დახურვა