logo
ENG



NGO-ები მთავრობას მიმართავენ 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

15 იან 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/15/ti4imif6up19em6.png

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს. 

ისინი ასევე ამბობენ, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიით გამოწვეული მოთხოვნების დაცვისთვის – დისტანცირება, დეზინფექცია და მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.

როგორც NGO-ები მიიჩნევენ, ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებულია მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანს არ უტოვებს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას. 2016 წელს ჩატარებული თბილისის შინამეურნეობის კვლევის თანახმად შინამეურნეობის 58%-ს არ ყავს ავტომობილი. მისი მფლობელობა იზრდება შემოსავლის პირდაპირპროპორციულად, მაღალია ცენტრალურ უბნებში და დაბალია გარეუბნებში. თვალსაჩინოა “ჩემი ქალაქი მკლავს“ Facebook-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, (894 რესპონდენტი) 75% ემხრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მერიის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიასთან, ურბანული მობილობის გეგმასთან და იმ სატრანსპორტო პირამიდასთან, რომლის თანახმად, პრიორიტეტი ენიჭება ქვეითს, ველოსიპედს, საზ. ტრანსპორტს და მხოლოდ შემდეგ კერძო ავტომობილს.

ფიზიკური დისტანციის დაცვა და ვირუსის გადაცემის კონტროლი რთული გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში და დამოკიდებულია პირბადის გამოყენებაზე, დეზინფექციაზე, ვენტილაციასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა ეს სრულიად არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 2-თვეზე მეტია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ფლობს ავტომობილს ან ვერ წვდება კიდევ უფრო გაძვირებული ტაქსის მომსახურებას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშეა დატოვებული. დაუშვებელია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებული იყოს მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანი არ დაუტოვოს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე", – ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.

მიმართვას 7 ორგანიზაცია აწერს ხელს: "თბილისის ველომოყვარულთა კლუბი", ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", არასამთავრობო ორგანიზაცია "იარე ფეხით", "ურბანული ლაბორატორია", მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავ", "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე პოლუსი".


close დახურვა