არასამთვრობო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს ეხმაურებიან და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, რომ მომხდარი დროულად გამოიძიონ. NGO-ები აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა. ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკები და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები.
"აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით დაგენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინებაა არასრულწლოვნებთან მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობისა, რომლისთვისაც არასრულწლოვნის ინტერესები არ არის უპირველესი საზრუნავი მართლმსაჯულების სისტემაში და წამოწყებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, მოზარდთა საჭიროებები მუდმივად უგულებელყოფილია.
"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვისსპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს. გარდა ამისა, არ არსებობს ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისები, რომელიც მისაწვდომი იქნება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს არსებულ კოორდინატორების სამსახურებს პროკურატურის სისტემაში და შსს-ში რესურსების ნაკლებობა აქვთ და სათანადო სერვისებს ვერ სთავაზობენ ძალადობა გამოვლილ ქალებსა და გოგონებს", - ნათქვამია განცხადებაში.
NGO-ების თქმით, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით.
"ლუკა სირაძის თვითმკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ამ საქმით კვლავაც თვალნათელია მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობა და უმოქმედობა, მათ შორის კოორდინაციისდა ურთიერთგაძლიერების მიდგომების სისუსტე. ეს კი, დაუცველს ტოვებს ბავშვებს, რომელთა საუკეთესო ინტერესების დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შინაარს გამოცლილ მიზნად რჩება", - მიაჩნიათ მესამე სექტორში.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, რომ ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორცმის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
ამასთან, NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია დასამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.
"განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას. გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. როგორც ირკვევა, ოჯახმა ძალადობაზე პოლიციას შეატყობინა, თუმცა რეაგირება დაგვიანდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქობულეთში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლების ცნობით, გარდაცვლილი მოზარდის ბაბუას თქმით, მომხდარი 2 თვის წინ გაიგეს, როცა კაცი გოგოსთან ისევ გამოჩნდა. ის ამბობს, რომ პოლიციას შეატყობინეს, გოგოს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პასუხმა დაიგვიანა, სავარაუდო მოძალადე კი დაკავებული არ იყო, რაზეც გოგო დარდობდა.