logo
ENG



NGO-ები შოვსა და გურიაზე: არ ვიცით, როგორ მიდის გამოძიება, საქმეს შსს არ უნდა იძიებდეს

02 ოქტ 202311:36
3 წუთის საკითხავი
 

5 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით საქმეს სწავლობს, აცხადებს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს.

მათი თქმით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იძიებდეს და ის გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას უნდა გადაეცეს.

"აგვისტოში შოვში და სექტემბერში გურიაში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ ამ ორ მოვლენას ერთობლივ კონტექსტში განვიხილავთ. ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულმა ამ ორმა მასშტაბურმა, სტიქიურმა მოვლენამ 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც ამ მოვლენებს უკავშირდება. მათ შორის, არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და დღემდე, რაც ზედაპირზე ჩანს, იკვეთება, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტიანი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამ ტიპის ტრაგედიები მომავალში არ მოხდეს და მათზე რეაგირება იყოს დროული და ეფექტიანი.

მთავარი კითხვები, რომლებიც დღეს ისმის, ეს არის გამოძიების ნაწილში, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა კვალიფიკაცია აქვს მას და ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები გამოძიების მიმდინარეობის ამ ნაწილთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ კვალიფიკაცია არასწორად მიმდინარეობს და ასევე მიგვაჩნია, რომ საქმეს არ უნდა იძიებდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის უნდა გადაეცეს გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას", - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".


close დახურვა