არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდობლობას უცხადებენ.
როგორც NGO-ები ამბობენ, მას შემდეგ რაც ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას დაიკავებს, ის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი იქნება.
"ხელისუფლება თვლის, რომ არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აზრი და არც დემოკრატიული პროცესის არსებობაა მნიშვნელოვანი. ხელისუფლებას პოლიტიკური ნება მანამდე ჰქონდა გამოვლენილი მისი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სანამ მისი ნომინირება მოხდებოდა“, - ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აღნიშნულ პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ შოთაძის წარდგენა პოლიტიკურ ერთგულებას ეფუძნება.
"შოთაძის განხილვა ადასტურებს იმას, რომ ეს შერჩევა პოლიტიკური ლოიალობის არგუმენტს ემყარება. ხელისუფლებას სურს მის მიმართ ლოიალური და კეთილგანწყობილი პირის დანიშვნა ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა.
შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.