logo
ENG



NGO-ები ხელისუფლებას: სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ალტერნატიულ კლინიკაში

09 ნოე 202116:09
3 წუთის საკითხავი
clock 757
NGO-ები ხელისუფლებას: სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ალტერნატიულ კლინიკაში

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში, მისი უფლებების უხეში დარღვევაა. 

მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება და თანმდევი შედეგები, პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მყოფი პირების პროვოცირების რისკებს შეიცავდა.

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე,  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

"სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, გუშინ ღამევე, 8 ნოემბერს მოინახულა.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები ისმოდა.

პატიმრისთვის ასეთი გარემოს შექმნას სახალხო დამცველი ღირსების შემლახველად მიიჩნევს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი".

ხელმომწერი ორგანიზაციებია:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  3. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  6. უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილი საქარველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ, უკვე 40 დღეა, ის შიმშილობს. 

გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს, ის, ნაცვლად მოთხოვნილი სამოქალაქო მრავალპროფილური კლინიკისა, მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. მას პატიმრებმა შეურაცხმყოფელი ე.წ შუმოკი მოუწყვეს. სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებმაც. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან.


close დახურვა