logo
ENG



NYT: ბაიდენმა გასცა ბრძანება რუსეთის დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებები ჰააგას გადაეცეს

27 ივლ 202311:33
3 წუთის საკითხავი
 
NYT: ბაიდენმა გასცა ბრძანება რუსეთის დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებები ჰააგას გადაეცეს
Zohra Bensemra / Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიდუმლო განკარგულება გასცა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცენ. ინფორმაციას The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

The New York Times-ი წერს, რომ მაღალჩინოსნების აზრით, ბაიდენის ეს გადაწყვეტილება ამერიკის პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებაზე მიუთითებს.

"ჩინოსნები აღნიშნავენ, რომ მანამდე პენტაგონი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან პრეცედენტის შექმნა არ სურდა, რომელიც შემდგომში ამერიკელი სამხედროების დევნას შეუწყობდა ხელს. ბაიდენის ასეთი გადაწყვეტილება მრავალთვიან წინააღმდეგობას წერტილს უსვამს. ამასთან, უცნობია რამ უბიძგა აშშ-ის პრეზიდენტს ეს ნაბიჯი გადაედგა", - წერს The New York Times-ი.

The New York Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეაგროვეს ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ, რომ რუსმა ჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განგებ მიეტანათ.

დოკუმენტები მოიცავს ასევე დეტალებს იმის თაობაზე, რომ რუსებს გამიზნული ჰქონდათ ათასობით უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მასალებში წერია, რომ ამერიკელმა სპეცსამსახურებმა გარკვეული დეტალები უკრაინელ პროკურორების უკვე მიაწოდეს, თუმცა თავს იკავებდნენ იმისგან, რომ ინფორმაცია ჰააგაში გადაეცათ.

***

მიმდინარე წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

რა არის ცნობილი რუსების სამხედრო დანაშაულებებეზე უკრაინაში

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოკუპანტებმა ათასობით სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს: მათ შორის დახვრეტა, გაუპატიურება, წამება, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის მიტანა, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინელების, განსაკუთრებით ბავშვების იძულებითი დეპორტაცია. ხსენებულ ფაქტებს უკრაინელი სამართალდამცველები იძიებენ. მათ ნაწილზე განაჩენი უკვე გამოტანილია, ნაწილში კი ბრალდებულები იდენტიფიცირებულები არიან. მაგალითად, 24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 11 რუსმა სამხედრომ ბუჩაში ცეცხლი გაუხნა ავტომობილს, რომლითაც რიგითი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ - ეს კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, ომის პირველ პერიოდში მოხდა. კიდევ 5 რუსს გაასამართლებენ გოსტომელში 10 ავტომობილის მისამართით ცეცხლის გახსნის ბრალდებით - მანქანებში სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.


close დახურვა