ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, უკრაინას კონტრშეტევის მომზადებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა.
გამოცემა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზაფხულში, როცა კიევმა კონტრშეტევისთვის მომზადება დაიწყო, გააძლიერა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სთან.
"ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას აწვდიდა ინფორმაციას სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალის და სხვა მნიშვნელოვანი კვანძების ადგილმდებარეობის შესახებ". - წერს ნიუ იორკ თაიმსი.
გამოცემა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა სადაზვერვო მასალის გაცვლა ხდებოდა ორ მხარეს შორის.
თუმცა, CIA-ის ყოფილი ოფიცრის და პენტაგონის ყოფილი თანაშემწის, მიკა მალორის თქმით, უკრაინული არმია წინ იმაზე სწრაფად მიიწევს, ვიდრე მოსალოდნელო იყო.
6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.
ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია.
10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.
ასევე, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინული არმია 10 სექტემბერს, სავარაუდოდ, დონეცკის აეროპორტში შევიდა.
10 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს ბალაქლეია, კუპიანსკი, შევიდნენ ლისიჩანსკის გარეუბანში და ლიმანთან იბრძვიან.