Nestle რუსეთში რამდენიმე ბრენდის, მათ შორის KitKat-სა და Nesquik-ის მიწოდებას წყვეტს. კომპანიამ ოფიციალური განცხადება დღეს გამოაქვეყნა.
შვეიცარიული კომპანია აცხადებს, რომ რუსეთისთვის ისეთი აუცილებელი საკვების მიწოდებას გააგრძელებს, როგორიცაა ბავშვთა კვება და სამედიცინო საკვები დანამატები.
„უკრაინაში ომის მიმდინარეობის გამო რუსეთში ჩვენი მოქმედებები შემოიფარგლება აუცილებელი საკვების, როგორიცაა ბავშვთა საკვებისა და სამედიცინო/ჰოსპიტალური საკვები დანამატების მიწოდებით - არა მოგების მიზნით.
ეს მიდგომა შეესაბამება ჩვენს მიზანსა და ღირებულებებს და იცავს საკვებზე წვდომის ძირითად უფლებას“, - წერია Nestle-ს განცხადებაში.
აქამდე კომპანიამ განაცხადა, რომ მან უარი თქვა არააუცილებელ ექსპორტსა და რუსეთიდან იმპორტზე, ასევე შეწყვიტა რეკლამა და შეაჩერა კაპიტალის ინვესტიცია.
Nestle აცხადებს, რომ უკრაინას მხარს უჭერს და უკრაინელ ხალხსა და ლტოლვილებს დახმარება უკვე გაუგზავნა.
„ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვდგავართ და იქ ჩვენს 5 800 თანამშრომელთან“, – აცხადებს კომპანია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კომპანია Nestle რუსეთში მუშაობის არშეწყვეტის გამო გააკრიტიკა.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთი არაერთმა ქვეყანამ სრულად უკვე დატოვა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწეყების შემდეგ Nestle-ს გადაწყვეტილება ქვეყნის არდატოვებაზე მომხმარებლებისგან კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა.