logo
ENG



Onion-მა აშშ-ის სასამართლოში იმ კომიკოსს დაუჭირა მხარი, ვინც პოლიციის პაროდიის გამო დააკავეს

05 ოქტ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/05/3si37a3pawf26hr.jpg
Justin Sullivan / Getty Images

სატირულმა გამოცემა The Onion-მა (ხახვი), რომელიც ცნობილია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მსოფლიო პოლიტიკაზე ხუმრობით, 3 ოქტომბერს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში შეიტანა იმ კომიკოსის მხარდამჭერი განაცხადი, ვინც 2016 წელს ოჰაიოში ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ყალბი ფეისბუქ გვერდის შექმნის გამო დააპატიმრეს.

ანტონი ნოვაკი, მოყვარული კომიკოსი ოჰაიოს ქალაქი პარმადან მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 2016 წელს შექმნა პარმას პოლიციის დეპარტამენტის პარიოდული გვერდი ფეისბუქზე და უწყების სახელით ავრცელებდა ინფორმაციას. ნოვაკი პოსტებს 12 საათის განმავლობაში აქვეყნებდა. ამ პერიოდში მან, მათ შორის გამოაცხადა ვაკანსიები დეპარტამენტში, აღწერაში კი მიუთითა, რომ პარმას პოლიცია „უმცირესობებს მტკიცედ მოუწოდებდა, არ შეევსოთ აპლიკაცია“.

ნოვაკის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ცალსახა პაროდია იყო. მან ციხეში 4 დღე გაატარა. ნოვაკს ბრალი წაუყენეს პოლიციის ფუნქციების ჩაშლის მიზნით კომპიუტერის გამოყენებაში, თუმცა ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

მოგვიანებით ნოვაკმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში, სადაც აცხადებდა, რომ დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება გამოხატვის თავისუფლების შესაზებ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და იმ პოლიციის ოფიცრებზე, ვისაც ნოვაკი უჩიოდა, განაცხადა, რომ მათ იცავს იმუნიტეტი - სამართლებრივი დოქტრინა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სასამართლოში მათ წინააღმდეგ სარჩელისგან იცავს.

ახლა კი ნოვაკმა შეადგინა პეტიცია, რათა მისი საქმე უზენაესმა სასამართლომ განიხილოს.

გამოცემა Onion-ის ადვოკატებმა ნახევრად სატირული განაცხადით მიმართეს უზენაეს სასამართლოს, რომ განიხილოს ნოვაკის საქმე. განაცხადის დასაწყისში, გამოცემა აცხადებს, რომ ის "მსოფლიოს წამყვანი ახალი ამბების გამოცემაა, რომელსაც 350000 თანამშრომელი  და ყოველდღიურად 4.3 ტრილიონი მკითხველი ჰყავს" განაცხადში ასევე წერია, რომ Onion "კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორგანიზაციაა".

ტექსტის აშკარა სარკაზმისა და ჰიპერბოლის მიუხედავად თავად სამართლებრივი განაცხადი ხუმრობა არაა.

გამოცემის ადვოკატი აცხადებს, რომ როგორც პაროდიული გამოცემის პირადი ინტერესია, რომ პოლიტიკურ ფიგურებს არ ჰქონდეთ იუმორისტების დაპატიმრების უფლება.

„როგორც მსოფლიოს პირველ პაროდისტებს, The Onion-ის მწერლებს ასევე აქვთ პირადი ინტერესი, რომ პოლიტიკური ფიგურებს არ შეეძლოთ იუმორისტების დაპატიმრება. ეს განაცხადი იმ ინტერესით შევიტანეთ, რომ სულ მცირე შემსუბუქდეს მომავალში ამ სასჯელის ზომა“ - აცხადებს გამოცემის ადვოკატი.

აშშ-ში ამგვარი განაცხადი არის წერილობითი სამართლებრივი ახსნა, არგუმენტი, რომელიც წარედგინება სასამართლოს, რათა მას დაეხმაროს საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს პრაქტიკა, ძირითადად სააპელაციო სასამართლოში გამოიყენება.


close დახურვა