logo
ENG



Op-ed: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში - ანუ თუ არ მოგწონვართ, ჩუ!

01 ივლ 202017:26
3 წუთის საკითხავი
clock 1526
g5l5c1rbumk0ow1.jpg

2013 წლის 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" თანამშრომლები საკუთარ კაბინეტში დაიბარა, რათა ჩემი და ანა სუბელიანის Facebook პოსტები გაერჩია და მათი აზრი გაეგო, ეთანხმებოდნენ, თუ არა რასაც ვწერდით. დაიბარა ყველა თანამშრომელი, ვისაც ჩვენი პოსტები "დალაიქებული" და დაკომენტარებული ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ორსიტყვიანი კომენტარის - "შოკში ვარ" - ავტორი სხვა სამინისტროს თანამშრომელი იყო (შოკში ყოფნა, როგორც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა). შეხვედრას საბჭოთა ტრადიციის შესაბამისი დასასრული ჰქონდა, გადაეცა რა ამობეჭდილი Facebook პოსტები იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისთვის.

2013 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 13 იანვრამდე მეც და ანასაც "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ყოველ სამუშაო დილას გვახსენებდა, რომ ჩვენს საქმეს გენერალური ინსპექცია განიხილავდა და აჯობებდა, ჩვენით დაგვეწერა გათავისუფლების განცხადებები, თორემ ძალიან ცუდი დასკვნით გამოგვიშვებდა სამსახურიდან - ისეთით, რომ მერე ვერსად დავიწყებდით მუშაობას.  ცხადია, ეს დაშინება უსაფუძვლო იყო, რადგან Facebook პოსტები ვერ იქნებოდა ჩვენი გათავისუფლების საფუძველი. ჩვენ მაინც გაგვათავისუფლეს 2014 წლის 14 იანვარს რეორგანიზაციის საფუძველზე, როგორც არაპროფესიონალები და მე ხუთი წელი დამჭირდა სასამართლოს სამი ინსტანცია ორჯერ რომ მომეგო და სამართლიანობა აღმედგინა.  თუმცა, ახლა ამაზე არ ვწერ.

Facebook პოსტები ვერ იქნებოდა ჩვენი გათავისუფლების საფუძველი მაშინ. 2020 წლის 24 ივნისს კი იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იღებს გენერალური ინსპექციის წერილს დისციპლინური წარმოების შესახებ: "გენერალური ინსპექციის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია. შედეგად დადგინდა, რომ თქვენ საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს". 

აღმოჩნდა, რომ ნოტარიუსებისთვის ჩანაწერი "პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა" – მძიმე კატეგორიის გადაცდომებში გაჩნდა 2020 წლის მაისში.  ცხადია, დროში ასეთი დამთხვევა ეჭვებს ბადებს, ხომ არ არის ეს ცვლილება კონკრეტულად ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ განხორციელებული. სავარაუდოდ, ასეც არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მინისტრი ამ ჩანაწერს სიამოვნებით გამოიყენებს არაერთხელ. გამოხატვის თავისუფლებაზე ოდნავ ქვემოთ დავწერ, მანამდე კი მინდა აღვნიშნო, თუ როგორ ესმით საჯარო სამსახურში "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი" - მარტივად: შენ შეგიძლია საჯაროდ აქო "ქართული ოცნება" და ლანძღო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ადამიანი, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ თუ არ მოგწონვართ, ჩუ!

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ქართული ოცნება სულ იყო მიდრეკილი და ცენზურის მისაღწევად სხვადასხვა გზებს და სხვადასხვა აქტორებს იყენებდა. ამას ხან რელიგიის (მართმადიდებლობის) დაცვით ხსნიდა - სოსო ჯაჭვლიანის და ემზარ კვიციანის საკანომდებლო ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ; ხან მოსამართლეების დაცვით - მოსამართლეთა მიმართ "დასაშვები კრიტიკის" შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოთქმული ინიციატივა; ხან უსაფრთხოების აუცილებლობით  - ფეისბუქ-პოსტების გამო ადამიანების სუს-ში დაბარება; ხან ცილისწამების რეგულირების სურვილით - ემზარ კვიციანის ინიციატივა ცილისწამების კრიმინალიზების შესახებ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის მაგალითის მოყვანა ცილისწამების რეგულირებასთან დაკავშირებით, ილია II-ს საშობაო ეპისტოლე, "სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებაზე"; ხან ფეიქ-ნიუსებთან ბრძოლით - "ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ" - მამუკა მდინარაძე.

2012 წელს ქალბატონი თეა წულუკიანის გამინისტრებას მოჰყვა იუსტიციის სამინისტროში არაერთი ადამიანის უკონკურსოდ დანიშვნა. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ სამუშაო აღწერილობა, პასუხისმგებლობა, საქმე არ ჰქონდა. ხოდა, უპოვა ქალბატონმა წულუკიანმა მათ ფუნქცია - აკითხებდა თანამშრომელთა Facebook პოსტებს და ადგენინებდა "შავ სიას". სხვათა შორის, დრო გავიდა და ზოგიერთი "შავი სიის" შემდგენელი თავად აღმოჩნდა ამ "შავ სიაში". ცენზურას კარგი მადა და ცუდი მუხრუჭები აქვს.

ავტორი: თამაზ ახობაძე


close დახურვა