ამერიკული ლობისტური კომპანიის, Orion Strategies-ის პრეზიდენტი, რენდი შონემანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის პარლამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუ ქუთელიას გვარი იუსტიციის სამინისტროში შეტანილ დოკუმენტში შეცდომით მოხვდა.
"Orion Strategies-ი ამაყობს, რომ მუშაობს საქართველოში ჭეშმარიტად პროდასავლური ძალების სახელით, ხაზს უსვამს უკუსვლას დემოკრატიაში, შეუსრულებელ დაპირებებს და პოლიტიკის წარუმეტებლობებს მოქმედი მთავრობის პირობებში, რაც ვაშინგტონში მაღალჩინოსნების მზარდ შეშფოთებას იწვევს. ელჩი ქუთელია არ მონაწილეობს ჩვენი კონსულტაციების არანაირ პოლიტიკურ ასპექტში, არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში შეერთებულ შტატებში და არ მონაწილეობს ჩვენს თანამშრომლობაში პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".
ადმინისტრაციული შეცდომის გამო, ბათუ ქუთელია არასწორად დასახელდა Orion Strategies-ის საკონტაქტო პირად, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში შეტანილ დოკუმენტში. Orion Strategies-ი ნანობს დაშვებულ შეცდომას“, - ნათქვამია რენდი შონემანის განცხადებაში.
მისი თქმით, ეს შეცდომა უკვე გასწორებულია და ახალი დოკუმენტი იუსტიციის დეპარტამენტში უკვე შეტანილია.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მდინარაძემ ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონტრაქტზე ხელს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აწერს, ასევე მდინარაძის თქმით, ეს ამტკიცებს იმას, რომ ის არ არის ნეიტრალური პირი.