ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი სამწუხაროსა და მიუღებელს უწოდებს 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, რატომ მოხდა ეს და ვინ იყო წამქეზებელი.
"არ ვიცი მოხდა ეს განზრახ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გაუფრთხილდეთ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან დაკავშირებით, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს არამხოლოდ იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, ეს ასეც ხდება, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულები, მაგრამ იმედი მაქვს, ისინი დაინტერესდებიან მცირე დეტალებითაც კი, რომ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ მოხდა ეს, ვინ წააქეზა და რა მიზნით. მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს. თუ არის აღქმა რომ ხელისუფლება მიდის მედიის წინააღმდეგ, მისი დიდი წინააღმდეგი ვიქნები", - განაცხადა დემსმა.
PACE-ს პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების წევრებს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შს მინისტრებთან.
რიკ დემსის ვიზიტი საქართველოში 28 ივლისს დასრულდება.