logo
ENG



PHR: 17 წლის შშმ პირის აგრესიული ქცევის მართვა შეუძლებელია, მოსამართლე საფრთხეს ვერ ხედავს

01 სექ 202122:07
3 წუთის საკითხავი
 
PHR: 17 წლის შშმ პირის აგრესიული ქცევის მართვა შეუძლებელია, მოსამართლე საფრთხეს ვერ ხედავს

ორგანიზაცია PHR აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს 17 წლის შშმ პირის უფლებები და არაფერი გააკეთეს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.  

ორგანიზაციის ცნობით, საქმე ეხება 17 წლის ლ-ს, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს თბილისში. ლ-ს აქვს აუტისტური სპექტრის დარღვევა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობით და ქცევის დარღვევით.

სასამართლოსთვის დაუყოვნებელი მიმართვის საფუძველი გახდა ბავშვის უმძიმესი ქცევითი აშლილობა, რომელიც შეიცავდა ბავშვისა და დედის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რეალურ, ყოველდღიურ რისკებს.

კერძოდ, ბავშვი ყოველდღიურად იყენებს ფიზიკურ დაზიანებას, ასევე აზიანებს დედას. ამის გამო ორივეს მდგომარეობა მძიმეა.

PHR-ის განცხადებით, დაზიანებები იმდენად მძიმეა, რომ მათი კვალი სხეულზე დიდხანს რჩება.

"ამტვრევს ავეჯს, ამსხვრევს შუშის დეტალებს რომელიც განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია ბავშვისთვის. ჭარბი წონის და ფიზიკური ძალის გამო, დედის მხრიდან, შეუძლებელია ბავშვის აგრესიული ქცევის მართვა, მისი დამორჩილება და მისი დაცვა დაზინებისგან. ბავშვის მიღებაზე უარი თქვა როგორც ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ, ასევე დღის ცენტრმა, რომელიც ქცევის გამოწვევის მქონე ბავშვებს დახმარებას უწვევს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სათანადო სერვისი, რომელიც ბავშვს და დედას სიცოცხლის ხელყოფის საფრთხისგან დაიცავს". - აცხადებს ორგანიზაცია. 

​PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს მიმართა ლ.ხ.-ს და მისი დედის დაცვის მიზნით.

ორგანიზაციამ სასამართლოს დეტალური მტკიცებულებები (ფოტო, ვიდეო, სხვა სახის დოკუმენტები) ბავშვის და დედის ფიზიკური დაზიანებების და სიცოცხლის რისკის თაობაზე. ასევე მიეწოდა პროფესიონალების წერილობითი მოსაზრებები ბავშვის და დედის დაცვისთვის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ და ამის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა მოთხოვნები.

ბავშვის და დედის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების სწრაფი დაკმაყოფილების მიზნით, PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოითხოვა, აუცილებელი სახელმწიფო სერვისების შექმნამდე, დაუყოვნებლივ მომხდარიყო: 

  • შესაბამისი პროფესიონალების მიერ, 18 საათის განმავლობაში ბავშვზე ინდივიდუალური ზრუნვა (უსაფრთხოების მიზნით);
  • ბავშვისთვის ქცევითი თერაპევტების მომსახურების მიწოდება;
  • პროფესიული კონსილიუმის გამართვა.

ბავშვის საქმე განიხილა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ორივე ინსტანციის სასამართლო გაეცნო ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველ არაერთ მტკიცებულებას, გაეცნო დედის წინაშე არსებული საშიშროებები, განიხილა პროფესიონალების მოსაზრებები ბავშვის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ და ბავშვის და დედის სიცოცხლის დაცვის მიზნით 18 საათიანი ინდივიდუალური დამხმარის და თერაპევტის დანიშვნის საჭიროება ვერ დაინახა. 

სასამართლომ მხოლოდ კონსილიუმის დანიშვნის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც დღემდე არ ჩატარებულა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილი მიუთითებს:

"მივიჩნიე, რომ არ არსებობს მომჩივანის მიერ მითითებული, ლ.ხ.-ს ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების ან, მით უფრო სიცოცხლის ხელყოფის მყისიერი საფრთხე. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალიდანაც ამგვარი საფრთხე მკაფიოდ არ იკვეთება: კადრებში ჩანს ლ. რომელიც მშვიდია და მორჩილად ასრულებს დედის მითითებებს". 

PHR-ის განცხადებით, რეალობა სხვანაირია.

კერძოდ, ლ.-ს ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 7 ვიდეო ჩანაწერი.

მათგან ორ ვიდეოში ჩანს ბავშვი, ერთ ვიდეოში დედის სხეულის დაზიანებები და დანარჩენში ბავშვის მიერ დაზიანებული ავეჯი და კედლები.

  • ვიდეო #1 (21 წამი):  ჩანს ბავშვის დაზიანებული მაჯა, რომელზეც ჭრილობებია და ისმის დედის ხმა: „მოიცა ლ. აქ სისხლი მოგდის, დაიცა ერთი წუთით, გაჩერდი, ნახე როგორ ჟონავს, არ ჩერდება ეს სისხლი, რა...".
  • ვიდეო #2 (22 წამი): კადრში ჩანს ლ, რომელიც წევს ლოგინში და ერთი ხელი, მაჯაზე ჭრილობების ადგილას აქვს გადახვეული ბინტით, ისმის დედის ხმა: „ხელი მაჩვენე, არ მოიცილო ეს, სისხლი მოგდის" ბავშვი აჩვენებს ხელს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, კვლავ არსებობს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ყოველდღიური რისკი როგორც ბავშვისთვის ისე დედისთვის. იმისათვის რომ ბავშვმა არ დაიზიანოს სხეული, დედა საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების საშუალებას აძლევს. ასეთ მომენტში ზიანის შესამცირებლად დედა იცვამს სქელ ქურთუკს და ელის, როდის გადაივლის ბავშვის მწვავე ქცევა.

PHR მიაჩნია, რომ, ბავშვის უფლებების დარღვევით, საქართველოს სასამართლო სისტემამ (ორი ინსტანცია) უგულებელყო ბავშვის და დედის აუცილებელი საჭიროებები და ამით საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  

PHR განაგრძობს 17 წლის ლ.ხ.-თვის სამართლებრივ ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 


close დახურვა