ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ფორმულას სპორტსმენის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად ხშირად ძალადობდა
ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
"ძალადობის სხვა ეპიზოდები დაემატა. სარჩელის ნაწილში ფაქტობრივად არაფერი იცვლება, ყველაზე მკაცრი სარჩელი, რაზეც თავდაპირველად აქვს ბრალი წარდგენილი, გულისხმობს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საუბარია ძალადობის 5 ეპიზოდზე. 1 ეპიზოდზე ჰქონდა მანამდე წარდგენილი ბრალი და კიდევ 4 დაემატა. საუბარია 21 მაისის ინციდენტზე. დაემატა ფიზიკური ძალადობის 3 ინციდენტი და ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ეპიზოდი", - ამბობს ანა თავხელიძე.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა Facebook გვერდზე წერს, რომ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა ბასილაშვილის წინაღმდეგ, ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.
ადვოკატი წერს, რომ ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხოორციელდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს დაინიშნა.