ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მწვრთნელს, რომელიც ქალ ფეხბურთელებზე, მათ შორის, სექსუალურად იძალადა.
ორგანიზაცია იცავს ქალი ფეხბურთელების უფლებებს, მათ მიმართ კაცი მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის სავარაუდო დანაშაულის საქმეზე.
სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგოებს ასევე PHR იცავს.
PHR-ის განცხადებით, მწვრთნელმა კაცმა 9 ქალი სექსუალურად შეავიწროვა, იძალადა მათზე, ასევე ჩაიდინა თაღლითობა.
ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.
რაც შეეხება თაღლითობას - ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.
მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ, მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც გარყვნილი ქმედებაა.
2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.
სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.
სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ.
PHR მოითხოვს, პროკურატურამ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ვალდებულია დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს, მართლმსაჯულების პროცესში, აარიდოს ყველა შესაძლო სტრესი და განმეორებითი ტრავმირება.