logo
ENG



PHR: სოც. მუშაკმა დოროყაშვილს ჩივილი გადააფიქრებინა, ბასილაშვილს კი საჩუქარი სთხოვა

15 თებ 202216:24
3 წუთის საკითხავი
 
PHR: სოც. მუშაკმა დოროყაშვილს ჩივილი გადააფიქრებინა, ბასილაშვილს კი საჩუქარი სთხოვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ სოციალურმა მუშაკმა ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მუქარის შესახებ პოლიციისადმი შეტყობინება გადააფიქრებინა, შემდეგ კი ჩოგბურთელს საჩუქარი სთხოვა - ბასილაშვილის მხრიდან ჩოგბურთის ბურთი. 

PHR-ის განცხადებით, 2020 წლის 16 მაისს ნელი დოროყაშვილმა სოციალურ მუშაკს შეატყობინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაემუქრა.

ის შეშინებული იყო და აპირებდა, პოლიციისთვის მიემართა. 

სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები პირის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად.

ნაცვლად ამისა, საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა, ნელი დოროყაშვილს გადააფიქრებინა მუქარის შესახებ პოლიციისადმი მიმართვა.

2020 წლის 21 მაისს ნელი დოროყაშვილის მიმართ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობა განმეორდა.

სწორედ განმეორებით ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულად ცნეს ოჯახში ძალადობის 5 ეპიზოდზე. 

ისტორია

PHR-ის განცხადებით, 2021 წლის ივლისში ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა სამართლებრივ დავაში მტკიცებულებად წარმოადგინეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ზემოხსენებული სოციალური მუშაკის 2020 წლის 21 მაისამდე მიმოწერა. მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ დავაში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი სთხოვა მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა.

რა დაარღვია სოციალურმა მუშაკმა?

სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია, უფლებამოსულების განხორციელების დროს იყოს მიუკერძოებელი და სულ ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით. საუკეთესო ინტერესით, დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, ამავე კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე იწვევს სოციალური მუშაკისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

PHR-ის წარმომადგენლებმა (ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა) განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მოითხოვეს სოციალური მუშაკის ქცევის შესწავლა და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან PHR-ს აცნობეს, რომ სააგენტომ განცხადება განიხილა. მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სოციალურმა მუშაკმა დაარღვია კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რის გამოც დისციპლინური გადაცდომა დადგინდა.   

განახლება: 

მასალის გამოქვეყნების მომდევნო დღეს, 16 თებერვალს ფორმულას ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარე გამოეხმაურა. 

ჩოგბურთელის ადვოკატები აცხადებენ, რომ PHR-ის განცხადება ყალბი ინფორმაციაა. 

"ნელი დოროყაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებული განცხადება სოციალური მუშაკის მხრიდან, სავარაუდო, სამსახურეობრივი გადაცდომის შესახებ ემსახურება ერთადერთ მიზანს - მოახდინოს ზეწოლა მათთვის არასასურველ მოწმეზე. 

მეტიც, ეს არის მოწმის დაშინების მცდელობა და ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.

ინფორმაცია, თითქოს ნელი დოროყაშვილს სოც. მუშაკმა გადააფიქრებინა პოლიციაში წასვლა -  მსგავსი სახის ჩვენება დაკითხვის ოქმში არ ფიქსირდება. 

შესაბამისად, ეს არის ყალბი ინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას". - აცხადებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები.

*** 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაოც დააკისრა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად - ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 

საბოლოოდ საქმის გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობს. თავდაპირველად ბრალი ბასილაშვილს ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. 

შემაკავებელი ორდერები გამოწერილია როგორც ბასილაშვილის, ისე მისი მშობლების მიმართ. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა, ჩოგბურთელმა და მისმა მშობლებმა ის აღარ გაასაჩივრეს. 


close დახურვა