გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, პროგრამისტის ავტომობილს ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.
"ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა", - ამბობენ პროკურატურაში.
გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს მისი გადაადგილების მარშრუტი გაასაჯაროვა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის google-ის ანგარიში დათვალიერდა. პროგრამისტის გადაადგილების დადგენა Google-ის ანგარიშზე გააქტიურებული timeline-ის ფუნქციის მეშვეობით მოხდა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, დასტურდება, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.
"თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში google-ის ანგარიშის timeline-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად google-ის ანგარიშზე.
10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.
Timeline- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის timeline-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით", - ნათქვამია განცხადებაში.