logo
ENG



POG: ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის კიდევ 4 წევრს ბრალდება წარედგინა

23 იან 202618:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/23/v1t1y957j2zfs0f.png

"ოცნების" პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის კიდევ 4 წევრს.

განცხადების მიხედვით, მათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ძალადობის ამსახველ ვიდეოს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.

ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთხივე ბრალდებული მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ამ დროისთვის 22 პირია ბრალდებული", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 იანვარს "ოცნების" სასამართლომ აღნიშნული დაჯგუფების 16 წევრს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა