logo
ENG



POG: გერმანიიდან N6 ციხის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის ექსტრადაცია განხორციელდა

08 აპრ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის ვ.კ-ს ექსტრადაცია განხორციელდა.

უწყების ცნობით, ვ.კ 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა N 6 ციხის რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას.

"სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ვ.კ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე მუხლით, რისთვისაც განსაზღვრული აქვს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ ვ.კ.-მ, რომელიც 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას, პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ვ.კ. თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ გერმანელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა