logo
ENG



POG: როინ შავაძის მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო

28 ივლ 202314:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს  საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ"  ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების  როგორც პროცედურული, ასევე არსებითი  ნაწილის დარღვევა დაადგინა.

"სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულმა თბილისში ეტაპირების დროს გაქცევა სცადა, რა დროსაც ის მოკლეს.


close დახურვა