logo
ENG



POG: ქმარი ცოლზე გენდერული ნიშნით ძალადობდა, დასახიჩრებითა და მოკვლით ემუქრებოდა

13 მაი 202114:39
3 წუთის საკითხავი
 
POG: ქმარი ცოლზე გენდერული ნიშნით ძალადობდა, დასახიჩრებითა და მოკვლით ემუქრებოდა

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კაცს ცოლის მიმართ წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ბრალდება წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, ქმარი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცოლს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"19 მარტს, თბილისში, ქალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქმარმა ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ კაცი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას.

ქალს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად, ჩამოუყალიბდა ძალადობის განმეორების საფუძვლიანი შიში, იყო მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება", - წერია უწყების განცხადებაში.

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 11 პრიმა-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა