პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში გამოსვლის შემდეგ, POLITICO სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. გამოცემა ციტირებს ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ "ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში".
ამასთან, მედიას მოყვანილი აქვს ღარიბაშვილის ციტატა ეკონომიკური სანქციების შესახებ, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. POLITICO წერს, რომ 2022 წელს საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია - მათი თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც დასავლეთის სანქციების შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა "ჩვეულებრივი ამბავია". ამასთან, მან კვლავ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში.